ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საფრთხე რუსეთიდან 2020-ის არჩევნებისთვის – ესტონეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიში

გაზეთი “მეტრონომი” The Jamestown Foundation-ზე დაყრდნობით წერდა, რომ “რუსეთი თავის სამხედრო კონტიგენტს ზრდის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე”. პუბლიკაციის მიხედვით, რუსმა გენერალიტეტმა სამხედროების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა როგორც სომხეთში, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის მიზეზი გასაგებია. ახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და კრემლს სურს საკუთარი გავლენების გავრცელება მეზობელ ტერიტორიაზე, მითუმეტეს, როცა ქვეყანას დეკლარირებული აქვს დასავლური ინტეგრაციის გზისკენ სვლა. რუსული ინტერესებისა და გავლენების არსებობის ფაქტებს საქართველოში კიდევ უფრო ამყარებს ახლახანს გამოძიებაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალური თბილისის მხრიდანაც, რომ გასულ წელს, სამთავრობო საიტებზე კიბერთავდასხმა რუსეთის მხრიდან იყო განხორციელებული.

საარჩევნო წელს, საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკური მიზნების უტყუარ არსებობას ახლა უკვე ესტონეთის საგარეო დაზვერვის 2020 წლის ანგარიშიც ადასტურებს. ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი აძლიერებს სამხედრო კონტიგენტს ოკუპირებულ საქართველოში, რისი მიზეზიც მომავალი საპარლამენტო არჩევნებია. ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ რუსეთს სურს დასავლეთს დაუმტკიცოს საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისა და ზოგადად, დემოკრატიის არარსებობა, რითაც შეასუსტებს საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებას.

ანგარიშში ასევე მოხვდა ინფორმაცია, საქართველოში კრემლის მიერ კარგად დაგეგმილი სატელიტი ორგანიზაციების შექმნის შესახებ. ეს არის გარკვეულწილად, “ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისსა და განვითარების” სახელით შეფუთული ლამაზი ქოლგა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის პოლიტიკური და მზაკვრული გეგმის ნაწილია.

კლასიკური მაგალითია “ევგენი პრიმაკოვის სახელობის საზოგადოებრივი ცენტრი”, ასევე “ალექსანდრე გორჩაკოვის სახელობის ე.წ. სახალხო დიპლომატიის ფონდი“, რომელიც 2010 წელს რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შეიქმნა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი სლოგანია გაძლიერდეს ადგილობრივი (რუსული) არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო როლი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია, აგრეთვე რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ აქციონერი ვაგიტ ალეგპეროვი, რომელიც “ფორბსის” 2015 წლის ინფორმაციით, რუს მილიარდერებს შორის მეექვსე ადგილზეა.

ამასთან, ამ ფონდს ხელმძღვანელობს რუსი პოლიტიკოსი ლეონიდ დრაჩევსკი, რომელიც 2004-2008 წლებში RAO UES-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, შემდეგ კი – რუსეთის მსხვილი საინვესტიციო კომპანია ONEXIM ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. აღნიშნულ ინფორმაციას ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც მომზადებულია საზოგადოებრივი პროექტ damoukidebloba.com-ის მიერ. კვლევა  შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის –  “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) საიტზე.

“ევგენი პრიმაკოვის სახელობის საზოგადოებრივი ცენტრი” ატარებს რუსული ენის სწავლების კურსებს, აცნობს ხალხს რუსულ ისტორიას და კულტურას, ატარებს სემინარებს და კონფერენციებს.

გასული წლის დეკემბერში, რუსული მხარე გეგმავდა საქართველოში “რუსული კულტურის ცენტრის” გახსნასაც, რომელსაც საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან. მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა კრიტიკული წერილები ამ ორგანიზაცისს მიზნებზე. ამასთან, ე.წ. “რუსული კულტურის ცენტრის” გახსნას წინ უსწრებდა, რუსი დიპლომატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, რომლის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას, ფაქტობრივად, სტუმრის ქვეყნიდან გაძევება და ქუჩის აქციების დაწყება მოჰყვა. საბოლოოდ, გავრილოვის ვიზიტს პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის სავარძელი შეეწირა.

ბალტიისპირეთის ქვეყნის საგარეო დაზვერვის დასკვნაში ასევე მოხსენიებულია პოლიტიკოსის, სანდრო ბრეგაძის ორგანიზაცია “ქართული მარში”, როგორც ექსტრემისტული მოძრაობა.

“ბოლო წლებში, საქართველოში შეიმჩნევა ე. წ. ტრადიციული ღირებულებების დაცვის პროპაგანდის ზრდა. “ქართული მარშის” მისიია, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღირებულებების მხარდაჭერას ქვეყანაში, რაც საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის და საზოგადოების პროგრესს. ეს აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტების მიმართ ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი, რომლებიც მიზნად ისახავენ საზოგადოების ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. “ქართული მარშის” ლიდერებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსეთთან და მათი გავლენის ქვეშ გარკვეულ აქტივობებს ახორციელებენ” – ვკითხულობთ ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ასეთი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რეალური მიზანია, ერთი შეხედვით, უვნებელი ღონისძიებების ჩატარება, მეორე მხრივ კი – ახლანდელი და მომავალი ქართული ელიტის ტრანსფორმირება, რათა ახლო მომავალში, მათთვის რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციები მისაღები გახდეს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ექსპერტები და საერთაშორისო დიპლომატების საკმაოდ დიდი ნაწილი ერთხმად აღნიშნავს, რომ მიუხედავად დეკლარირებული დასავლური ორიენტაციისა, ბოლო დროს, ხელისუფლების მხრიდან აშკარად გამოჩნდა პრორუსული მიდრეკილებები, რაც შესაძლოა ინსპირაცია აღმოჩნდეს მომავალში ზემოთ აღნიშნული რუსული ორგანიზაციების გააქტიურებისათვის. მაგალითისთვის კმარა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტის, ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდება და შეერთებული შტატებიდან კონგრესმენებისა და სენატორების წერილთა კასკადი.

თუმცა, აღნიშნულმა მოვლენებმა ბუნებრივად გამოიწვია ადეკვატური პროცესების განვითარება. თბილისში შეიქმნა “ამერიკის კულტურის ცენტრი”, რომელიც პრეზენტაციაც მარტშია დაგეგმილი და რომლის მიზანიც საქართველოსა და დასავლეთს, კერძოდ ამერიკას შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გამყარებაა. სხვათაშორის, რუსულმა მხარემ აღნიშნული ორგანიზაციის დაფუძნება შეაფასა, როგორც საქართველოში ვერდაარსებული/ვერშემდგარი “რუსული კულტურის ცენტრის” საპირწონე. აღნიშნულთან დაკავშირებით წამყვანმა რუსულმა მედიასაშუალებებმა უკვე აქტიურად დაიწყეს წერა.

გენო ჯოხიძე

 

 

იტვირთბა....