“ნამდვილად არ არის ჩვენი პოზიცია ის, რომ მიხეილ კალანდია გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან”, – აღნიშნული განცხადება ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მისი თქმით, კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს თუნდაც მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით და ნამდვილად არ არის ჩვენი პოზიცია, ის რომ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან, მოვისმენთ და შემდეგ მივცემთ შეფასებას. უფრო მეტიც, მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე ზაზა სარალიძეზე მიმდინარეობს უბინძურესი ცილისწამება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კიდევ ვინმე გააკეთებს იმგვარ კომენტარს, რომ რაიმე გარკვეული თანხა აქვს მიღებული თავისი შვილის გაყიდვაში, მას მოუწევს ამ სიტყვების დადასტურება”, -განაცახადა ნესტან ლონდარიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულის მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი გამოაცხადოს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება. ასევე, ბრალდებული საჯაროდ პირველად მოჰყვება ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალებს, რადგან აქამდე ის პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდა.
ადვოკატი და კალანდიას ოჯახის წევრები გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დავის გაგრძელებას სტრასბურგამდე აპირებენ.
უფლებადამცველი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამართლე პოლიტიკური შეკვეთებისგან თავისუფალია, ის აუცილებლად გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.