საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
სააკაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილმა, რომელიც საკნიდან გაიყვანეს და უთხრეს, დაეწერა, რომ ჟვანია მოკლეს, უარი უთხრა ხელისუფლებას და ამით “სახეში შეაფურთხა”.
“მეგობრებო, ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში.. იმიტომ, რომ სამარტოო საკანი არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით… ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა. ეს ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, ის არ შეეგუა, ის ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავისი პოზიციიდან.
ის ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას და ჩემგან იმსახურებს ძალიან დიდ მადლიერებას, იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს: გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე და ერთადერთი, დაწერე რაა, რომ ჟვანია მოკლეს.. და რა თქმა უნდა სააკაშვილმა, ალბათ.. რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში. მან დასცინა და პრაქტიკულად, სახეში შეაფურთხა ამათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში.
ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენი ხანი მას ავიწროვებდნენ. ერთი რამ, რაც უნდა ითქვას: ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების.. ახლა არის შერიგების დრო. ახლა არის თანხმობის დრო და ტყუილად ეკითხებიან – ამ პარტიაში წახვალ თუ იმ პარტიაში.. რა მნიშვნელობა აქვს?.. ახლა არის ყველას ერთიანობის დრო.
პარტიებად დაყოფის დრო არ არის. სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის და არც ვიღაცაზე შურისძიების დრო არ არის.. და არც არასდროს არ უნდა იყოს ეს საქართველოში, იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ ქონდრისკაც ივანიშვილს.
ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ იმაზე, რომ ახალგაზრდა თაობას გავუხსნათ გზა. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ იმაზე, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ამოვიყვანოთ ამ ტალახიდან და ჭაობიდან”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა გუშინ, 20 თებერვალს “მთავარი არხის” ეთერში ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ისაუბრა.
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.