“ადამიანი იხდიდა სასჯელს, გამოვიდა ციხიდან და ემოციური ფონი ახლავს მის განცხადებებს, მაგრამ თუ მას ავიწყდება რისთვის იჯდა, საზოგადოებას არ დაავიწყდება ეს ყველაფერი”, – ასე ეხმაურება დეპუტატი გედევან ფოფხაძე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას.
როგორც ფოფხაძემ “მეტრონომს” განუცხადა, ციხიდან გამოსული მერაბიშვილის პირველი განცხადებებიდან ჩანს, რომ ის თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
“მე ჩემს თავს ვთვლი ოპოზიციად და არ მიმაჩნია, რომ ნათელაშვილის ოფისში უნდა ამეღო ნებართვა. აქედან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილს არ ვთვლი ჩემს პოლიტიკურ მოკავშირედ. მგონია, რომ საქართველოს რაღაც უკეთესი სჭირდება, ვიდრე დღეს არის. “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი – ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და მათთან ერთად, პოზიტიური ცვლილებები ვერ იქნება.
კაცი გამოვიდა ციხიდან, უხარია. იძახის, რომ ვიღაცას დაამხობს, მე რომ მეთქვა მის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ დავამხობ ხელისუფლებას-მეთქი, რას მიზამდა?
მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაერთოს პოლიტიკაში და ვანო მერაბიშვილზე უარესი ადამიანები არიან პოლიტიკაში ჩართულები. მერაბიშვილი ყველაზე ცუდი არ იქნება იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ჩვენ უკეთესის ღირსი ვართ.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ წელს მოიხდის ადამიანი ციხეში, ფაქტია, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით, კერძო პრევენციას არ უმუშავია – მას ჰგონია, რომ არაფერი დაუშავებია. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, თუ ის თავის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს და ქვეყნის განვითარებაში თავის როლს ეძებს, ე.ი. ვერ აღიქვა, რაში იყო მტყუანი, როდესაც იყო ხელისუფლებაში. მერაბიშვილი, ვერ წარმომიდგენია, რომ მომავალი ქართული პოლიტიკის ნაწილი იყოს”, – განუცხადა “მეტრონომს” გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე იხდიდა.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.
მარიამ იმერლიშვილი