დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო მერაბიშვილის განთავისუფლებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს არავინ აპატიებს.
დეპუტატი მერაბიშვილის იმ განცხადებასაც ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიციის ერთიანობით დღევანდელ რეჟიმს დაამხობენ.
გოგიჩაიშვილის თქმით, „თავზე დაიმხოს თავისი ჭურჭელი, სახლში რომ მივა, მერაბიშვილის დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის“.
“ჩვენ იმიტომ ვწვალობთ აქ, იმიტომ ვმსჯელობთ ამ სისტემებზე, რომ ახლა ვანო მერაბიშვილი რადგან ციხიდან გამოვიდა, უცებ ადგეს და რაღაცები თავზე დაიმხოს. თავზე დაიმხოს თავისი ჭურჭელი, სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის. ვინ აპატიებს ვანო მერაბიშვილს ან სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ან ვაზაგაშვილის მკვლელობას. სად არის ის ნაძარცვი ქონება, რომელიც ათეულობით მილიონი დოლარი აქვს ვანო მერაბიშვილს წაღებული ადამიანების ჯიბეებიდან. ეს არის “ქართული ოცნების” ორმაგი სტანდარტი, რომ ვანო მერაბიშვილი ახლა გამოდის და ასეთი სიტყვებით საუბრობს,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილი.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.