ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ “ქართული ოცნება” მზად არის, ცალკეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების ინდივიდუალურ რეჟიმზე გადავიდეს, გაერთიანებულ ოპოზიციაში დისონანსის შეტანის მცდელობაა.
როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, “ქართული ოცნება” “ვირეშმაკული, მოძველებული ხერხით” ოპოზიციის ერთიანობაში ბზარს ვერ შეიტანს.
“ეს არის ვირეშმაკობა, რომელიც მე ვფიქრობ, მოძველებული ილეთი და ხერხია. არა მგონია, რომ ამას ვინმე სერიოზულად წამოეგოს. ხელისუფლება ცდილობს, რომ დისონანსი შეიტანოს, ვიღაცები იყიდოს – და ასეთი გზით იაროს, რაც ღრმად არასერიოზულია. ვფიქრობ, ისინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რა რთულ ვითარებაში არიან და ცდილობენ, რომ იაფფასიანი ნაბიჯებით რაღაც მიმართულება მისცენ პროცესს, რაც უპერსპექტივოა, ჩემი აზრით.
ამ წინადადებით ხელისუფლება ბზარს ვერ შეიტანს ოპოზიციაში, მაგრამ თვითონ ოპოზიცია არ არის მონოლითური. მე არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიცია აირ-დაირიოს, თუმცა ეს იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება რაღაც ვირეშმაკობას მიმართავს, არამედ სისტემური პრობლემებია მათ შორის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვითარება არის ძალიან დრამატული, ძალიან დაძაბული, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება ამ ტიპის მანერებით ფონს გასვლა.
ოპოზიციას, ერთი მხრივ, აქვს თავისი მოთხოვნები, მაგრამ მეორე მხრივ, მათ უნდა იფიქრონ იმაზე, რა ტიპის კოორდინაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ არსებულ მოცემულობაში, არსებული საარჩევნო კოდექსის პირობებშიც, დაამარცხონ ხელისუფლება. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, თუ კოორდინაცია იქნება რეალური”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე დიალოგის ოთხი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა, ხოლო მეხუთე რაუნდზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, უარი განაცხადეს, მმართველი პოლიტიკური პარტიის ცალკეულმა ლიდერებმა მოლაპარაკების გაგრძელების ინდივიდუალურ რეჟიმზე დაიწყეს საუბარი.
აღსანიშნავია, რომ დიალოგი მხარებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
მარიამ იმერლიშვილი