საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შეშფოთებას გამოთქვამს, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმები განხორციელდა და სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” პოსტს აქვეყნებს.
როგორც ზალკალიანი აცხადებს, სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
“ღრმად ვარ შეშფოთებული, დღეს, ზოლოტოეს მახლობლად უკრაინულ პოზიციებზე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ამ პროცესში ნებისმიერ პროგრესს ანგრევს”,-წერს ზალკალიანი “ტვიტერზე”.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს, ხოლო საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვის შეწყვეტილია.