ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც შარაშენიძემ “მეტრონომს” განუცხადა, მარგველაშვილი ის პოლიტიკოსია, რომელსაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი “მიშისტობას” ვერ დააბრალებს.
ექსპერტის აზრით, მეოთხე პრეზიდენტს პარტიის შექმნა გაუჭირდება და ან გაერთიანებულ ოპოზიციაში აღმოჩნდება, ან “ქართული ოცნებიდან” წასულ ფიგურებთან ერთად უნდა დადგეს.
“რაღაცას შესძენს ოპოზიციას. ოპოზიციასთან იქნება, აბა, ვისთან იქნება. ცალკე თუ გავა, მე მგონია, მარტო პირადად გაუჭირდება პარტიის შექმნა. თუ დადგება სხვა ისეთი ფიგურების გვერდით, რომლებიც იყვნენ თავიდან “ოცნების” ხელისუფლებაში და მერე წავიდნენ, ჩემი აზრით, აქვს რაღაც შანსი. ან ამ ფიგურებთან ერთად უნდა გამოვიდეს, ან გაერთიაებულ ოპოზიციაში უნდა აღმოჩნდეს. არ ვიცი ნამდვილად მისი გეგმების შესახებ.
თუ ხმებს აიღებს არჩევნებში და პარლამენტში თუ შევა, ბუნებრივია, ეს პრობლემა იქნება ივანიშვილისთვის. ცხადია, ივანიშვილი ცდილობს, რომ ისე წარმოაჩინოს ყველაფერი, რომ ან მე და ან მიშა – მარგველაშვილს კი, მიშისტობას ვერ დააბრალებს ვერანაირად.
თუ ბევრი ისეთი პარტია შეიქმნება, რომელსაც “შუაშისტების” ხმებზე ექნება პრეტენზია, ეს დაასუსტებს ოპოზიციას. უკვე არსებობს ასეთი პარტია, რომელსაც აქვს მსგავსი პრეტენზია – “ლელოს” ვგულისხმობ. კოორდინაცია და ერთად შეთანხმებული მოქმედებაა საჭირო ოპოზიციის მხრიდან”, – უთხრა “მეტრონომს” თორნიკე შარაშენიძე.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ “ტვიტერში” გამოაქვეყნა.
მარიამ იმერლიშვილი