“აზერბაიჯანის პრეზიდენტს თუ სურს, ჩავუღრმავდეთ ისტორიას, მაშინ შემიძლია, მას შევახსენო, რომ სომხეთის მეფე ტიგრან დიდის დროს სამხრეთ კავკასიაში ასეთი ქვეყანა – აზერბაიჯანი არ არსებობდა”, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე გააკეთა.
აღნიშნული განცხადება მოჰყვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიტყვით გამოსვლას. ალიევის თქმით, ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, რაც ისტორიული ფაქტია.
„მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ნაწილი. ეს არის ისტორიული სიმართლე და დაფუძნებულია საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებზე. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ და მთიანი ყარაბაღი ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებული ნაწილია. ისტორიული თვალსაზრისით, 1805 წელს ყარაბაღის ხანმა, იბრაჰიმ ხანმა ხელშეკურლაბე გააფორმა რუსეთის იმპერიის გენერალ ტიციანოვთან. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე. მოგვიანებით გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებში, აზერბაიჯანის დანარჩენი ნაწილი გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი. ასევე, დაღესტანი, სომხეთი და საქართველოც. ეს არის საკითხის ისტორიული ნაწილი“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის წინაღმდეგ აგრესია სომხეთმა დაიწყო .
„ისტორიულად აქ ცხოვრობდნენ სომხები, ქართველები, მაგრამ არა აზერბაიჯანელები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემა სტალინის პირადი ინიციატივა იყო.