“როგორ შოულობს ბიძინა ივანიშვილი დიდ ფულს საქართველოში” – “რუსთავი 2”-მა “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება ეთერში არ გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
“სტუდია მონიტორის” ხელმძღვანელის, ნინო ზურიაშვილის განცხადებით, “სტუდია მონიტორისა” და “რადიო თავისუფლების” ერთობლივი პროექტი “რუსთავი 2”-ის ეთერში 2018 წლიდან გადიოდა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიასთან კონტრაქტი ამოწურული იყო, დაგეგმილი იყო მათ მიერ მომზადებული 24 ფილმის გაშვება, 24-ვე ფილმის გაშვება მოხდა, თუმცა ეთერში ვეღარ მოხვდა 25-ე ფილმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ქონებაზე იყო საუბარი.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ის საქართველოში მუშაობს როგორც ბიზნესმენი 13 ოფშორული კომპანიით, როელსაც დაფუძნებული აქვს 100-ზე მეტი ასევე ზოგო ოფშორული, ზოგი ქართული კომპანია. ამ კომპანიებით ის იძენს ქონებას და გადაცემაში მთავარი მესიჯი უფრო არის ის, რომ ის აშენებს თავის ბიზნესს და აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუციებს იმით, რომ ხშირად მათ აღბინებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამის გარდა, მისი მთავარი მესიჯი, რომ საქართველოში ის ბიზნესს აკეთებს მხოლოდ პატრიოტული მოტივებით და არანაირი მომგებიან სფეროში არ აბანდებს, ეს ვფიქრობთ, რომ არ შეესაბამება სიმართლეს იმიტომ, რომ მისი ბიზნესები ისეთ სფეროშია, როგორიც არის ენერგეტიკა, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი. ეს ბიზნესები წარმატებული და მომგებიანია”, – უთხრა “მთავარ არხს” ნინო ზურიაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, პროდუქციას “რუსთავი 2” არ ყიდულობდა, უბრალოდ საეთერო დროს უთმობდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა.