“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტმა დასკვნითი დოკუმენტის მიღება ვერ მოახერხა.
როგორც სამადაშვილმა სტრასბურგიდან “ტვ პირველს” უთხრა, დოკუმენტი, რომლის შესწორებებსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი, სწორედ მმართველმა პარტიამ დაბლოკა.
“მეტრონომი” ინფორმაციის გადასამოწმებლად მმართველი უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას დაუკავშირდა.
დეპუტატმა თქვა, რომ თანაგუნდელებისგან ჯერ ინფორმაცია არ მიუღია.
“არ მაქვს ინფორმაცია. ვინც სტრასბურგში იმყოფება, მათგან მივიღებთ ზუსტად ინფორმაციას. მე რომ არ დავიწყო იმპროვიზაციები, ცოტა ხანი დაველოდოთ. მხოლოდ ეთერიდან გავიგე მეც ყველაფერი ამის შესახებ და რამდენად სარწმუნო არის, არ ჩავძიებივარ. დადგინდება მალე და ეცოდინება ყველას”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
“მეტრონომი” ასევე დაუკავშირდა “ქართული ოცნების” დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სამადაშვილის განცხადება არ უნახავს.
შეგახსენებთ, დოკუმენტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია სალომე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.