ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“განაჩენი უგულავას საქმეზე ბადებს კითხვებს” – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტში საქართველოსთან ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარები თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებენ.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივმოქმედი მომხსენებელი სვენ მიქსერი.

„დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს, ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ის ასევე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ვალდებულებების ნაწილია. სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს განაჩენი ბატონი უგულავას საქმეზე ბადებს კითხვებს გადაწყვეტილების პროცედურის, დროისა და მოტივაციის შესახებ. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას საქართველოში ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში. სასიცოცხლო მნიშვნელობის არის დიალოგის გაგრძელება საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მისაღწევად საარჩევნო რეფორმის შესახებ, რაც ყველაზე უკეთ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ დროს ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს პარლამენტში მჭიდრო კავშირზე ვიქნებით“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....