ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, უსამართლოდ დაპატიმრებული უგულავა შეიწყალოს” – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, რომელიც ელჩების ჩართულობას გულისხმობს, განაცხადა, რომ თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, ამისთვის მას კონკრეტული ინსტრუმენტი გააჩნია, ესაა უსამართლოდ დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება

როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, პოლიტიკური დიალოგის და კომპრომისების გზა „ქართულმა ოცნებამ“ გიგი უგულავას დაპატიმრებით მოკლა.

„ამიტომ თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი. ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც. თუ ის ამას არ აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ, თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას, ფარისევლობას და მოწოდებებს. ან ჩაერთოს სრულფასოვნად პროცესში როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება.

მას შემდეგ, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უშედეგოდ გაიმართა.

 

იტვირთბა....