მერია მთავარი საზოგადოება

მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის ქუჩა N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება, – ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ ვიდეადიალოგის დროს მოქალაქე ირინა ანდრიაძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გამგებლის თქმით, ასევე, იგეგმება პარლამენტის უკან არსებული ოლივერ უორდროპის სკვერის სრული რეაბილიტაცია.

„სულხან საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იქნება უფასო ინტერნეტი, აღდგება შადრევნები და გაშენდება მწვანე ნარგავები. სამუშაოების დროს გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის მასალა. შესაბამისად, იგი ისეთივე მაღალი ხარისხის და სტანდარტების იქნება, როგორიც არის ვილნიუსის სკვერი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება.

ტერიტორიაზე შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებითაც გაშენდება; მოეწყობა დეკორატიული შადრევანი. ასევე, განთავსდება საბავშვო ზონები, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები; სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა; მოეწყობა ადაპტირებული წყარო; დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და სამ თვეში დასრულდება.

რაც შეეხება ოლივერ უორდროპის სკვერს, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

იტვირთბა....