ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უცნაურია ეს ყველაფერი, თავს შევიკავებ დიაგნოზის დასმისგან” – ხუხაშვილი „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეთავაზებაზე

“უცნაურია ეს ყველაფერი და არაუმეტეს ამისა”, – ასე აფასებს “მეტრონომთან” ექსპერტი გია ხუხაშვილი საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მიერ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის ოთხპუნქტიანი წინადადების შეთავაზებას.

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ფრაქციის მიერ დღეს გაჟღერებული კომპრომისული წინადადების ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთი ხელისუფლების სასარგებლოა.

რაც შეეხება კიდევ ერთ პუნქტს არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულების შესახებ, ექსპერტის თქმით, ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

“არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულების პრინციპი შეუძლებელია საქართველოში და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, პირდაპირ ვთქვათ. ლამაზი კი არის, მაგრამ შეუსრულებელია.

რაც შეეხება კიდევ ერთ შეთავაზებას,  რომ – თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის – ესეც გაუგებარია, ესეც ხელისუფლების სასარგებლო წინადადებაა”, – აცხადებს ხუხაშვილი.

“მეტრონომის” შეკითხვაზე, რაზე მიანიშნებს ფაქტი, რომ ის ფრაქცია, რომელიც უმრავლესობიდან წასული დეპუტატებითაა დაკომპლექტებული და რომლის რამდენიმე წევრმა “ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ჩაგდების შემდეგ დატოვა, დღეს ხელისუფლებას კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, გია ხუხაშვილმა განაცხადა:

“ასეთი რაღაც ხდება ხოლმე, ასეთი რამე მოსალოდნელია, თუმცა მე მაინც თავს შევიკავებ საბოლოო დიაგნოზის დასმისგან. უბრალოდ, ეს მათი ნაბიჯი უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ის, რომ აქედან პირდაპირ დასკვნა გავაკეთოთ, ჯერჯერობით ნაადრევია”.

შეგახსენებთ,  საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წარმომადგენელმა, ლევან კობერიძემ 2020-2024 პერიოდის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ფრაქციის სახელით განცხადება  დღეს გააკეთა.

მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევის ხელშესაწყობად, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ხელისუფლებას კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, რომელიც 4 ძირითად პუნქტს ეფუძნება:

“1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.

2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით”, – განაცხადა ლევან კობერიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....