ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით” – ბაქრაძე

გიგი უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც ხელისუფლება უკან ვეღარ დაბრუნდება – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე გიგი უგულავას შესაძლო დაპატიმრების საკითხს.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უგულავას დაპატიმრება იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში.

„ყველას გვესმის, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ დევნა არის ის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მომდინარეობს ქვეყნის დღევანდელი ფორმალური და არაფორმალური ხელისუფლებისგან – ივანიშვილისგან და “ქართული ოცნებისგან“. ამას ადასტურებს ორკესტრირებული მოქმედებები პროკურატურის, სასამართლოს და პოლიციის მხრიდან ყველაფერში, რაც ეხება გიგი უგულავას. ამას ადასტურებს ის, რომ პირველივე საქმე, რომელსაც იღებს ახლად დანიშნული მოსამართლე შალვა თადუმაძე გახლავთ საქმე, რომელიც პროკურორმა თადუმაძემ გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში და ახლა პასუხისმგებელია განაჩენზე, რომელიც დადგება. მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარკებებს, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ არ არის განაჩენი დამდგარი, მინდა ვიქონიო იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი, არ დააზიანოს შეუქცევადად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი და არ დაიზიანოს საკუთარი თავი.

ყველა ვხედავთ, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების არ ეშინია, არსად იმალება და არსად მიდის. გიგი უგულავას შეგნებული ბრძოლის ნაწილია ის,რომ შეგნებულად შეიძლება წახვიდე ციხეში, საქმე არის ხელისუფლებაზე, ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე. ან ეყოფათ საღი აზრი და ამ პროცესს არ მიიყვანენ იმ დასასრულამდე, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ ჩანს, ან შეუქცევადად დაზიანდება გარემო და მათ შორის დაზიანდება მათი მომავალი პერსპექტივა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც თბილისის განვითარების ფონდს ეხება, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

იტვირთბა....