ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ოპოზიცია შეთანხმდება ეფექტური კოორდინაციის ფორმულაზე, შეიძლება ხელისუფლებას შეექმნას პრობლემები” – ხუხაშვილი

“მიმდინარეობს პოლიტიკური იწილო-ბიწილო”, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს.

როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა უთხრა, “ქართულ ოცნებას” 2020 წლის არჩევნების არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარება სურს იმიტომ, რომ “საქართველოში მაჟორიტარული არჩევნები არა ხალხის არჩევანი, არამედ არჩევნების ყიდვაა” და აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ცდილობს, ძალაუფლება ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ექსპერტის აზრით, ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის შეთავაზებას არ თანხმდება, რადგან აღნიშნული მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს დააზიანებს.

“ორი მონოლოგით, ორი ურთიერთდაპირისპირებული ჭეშმარიტებით, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოა წაგებული. ასეთი რეალობაა ჩვენთან, რომ ყველა არჩევნები, ფაქტობრივად, “ცივი ომის” ტოლფასი ხდება. ხელისუფლების საარჩევნო ბუღალტერია არის ასეთი, რომ ნებისმიერ გზით უნდა ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის, მაჟორიტარების დატოვების მეტს, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. ოპოზიციას ამ პირობებზე დათმობა არ უნდა იმიტომ, რომ ეს გარკვეულწილად მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს დააზიანებს.

რა გამოსავალი აქვს ოპოზიციას? – ჩატარდება არჩევნები ისე, როგორც არის. ხელისუფლების ხელში არის ძალა ანუ მას აქვს ძალაზე მონოპოლია. მას შეუძლია ხელების გადაგრეხვით ნებისმიერი რაღაც გაიტანოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. კი ცდილობენ რომ ამაყი სახით პოზიციები დაიკაონ და ამბობენ, 60%-ს ავიღებთო – თქვე კაი ადამიანებო, თუ 60%-ს იღებთ და დარწმუნებული ხართ ხალხის მხარდაჭერაში, მაშინ რა გახდა ეს პროპორციული, დათანხმდით. მანიპულაციებში ვართ, ფაქტობრივად, სახელმწიფო პრობლემები უკანა პლანზეა. მიმდინარეობს პოლიტიკური იწილო-ბიწილო.

მე აქ ვერ გავხდები მხარე. ერთი რამე ვიცი, რომ სახელმწიფო ზიანდება. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ვერც ერთმა ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა და მისთვის დემოკრატიული პროცესი არის მეორეხარისხოვანი და მთავარი ღირებულება არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. ხელისუფლებამ, რომელსაც შეუძლია საჯაროდ შეპირდეს ხალხს ცვლილებებს და მერე ამ საჯარო შეპირებაში გადააგდოს, ის ხელისუფლება ჩემთვის ვერ იქნება ავტორიტეტი. ოპოზიციას თავისი პრობლემები აქვს და თავისი უბედურება სჭირს.

77/73 პრინციპით არჩევნების ჩატარება ხელისუფლებას აძლევს აშკარა უპირატესობას იმიტომ, რომ მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში ეს არ არის ხალხის არჩევანი, ეს არის არჩევნების ყიდვა. ასე იყო ყოველთვის, ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი. მაჟორიტარული არჩევნების მოგება ხდება რესურსებით. 20%-იანი მხარდაჭერით, შესაძლოა, 100%-იანი შედეგი მიიღო. აი, ასეთი მანკიერი სახე მიიღო მაჟორიტარულმა არჩევნებმა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს აძლევს უპირატესობას, თუმცა თეორიული შანსი იმისა, რომ ოპოზიცია რაღაც ტიპის კოორდინაციაზე შეთანხმდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით 30%-ს არ აღემატება, თუ ოპოზიცია შეთანხმდება სერიოზული, ეფექტური კოორდინაციის ფორმულაზე მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით, შეიძლება ხელისუფლებას შეექმნას რეალური პრობლემები. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა მაჟორიტარული არჩევნებს რატომ ეპოტინება ხელისუფლება? – მართლა ქვეყნის გამო კი არა, ძალაუფლების გამო იმიტომ, რომ სხვა მექანიზმს ვერ ხედავს მის შესანარჩუნებლად. ამიტომ, მაჟორიტარული არჩევნები ხელისუფლებას აძლევს უპირატესობას, თუმცა თეორიულად შესაძლებელია ამ უპირატესობის გადალახვაც. დანარჩენს პროცესი აჩვენებს”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ “სისტემის შერჩევა ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს”.

აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია 100/50-ზე პრინციპით არჩევნების ჩატარებას, მით უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები 77/73-ზე პრინციპით ჩატარდება”.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 100/50-ზე პრინციპით არჩევნების ჩატარების შესახებ ხელისუფლების შეთავაზებაზე დათანხმებას გამორიცხავენ და პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვენ.

ხელისუფლება და ოპოზიცია, პარალელურად მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის ემზადება.

დიალოგის მაგიდასთან დაპირისპირებული მხარეები უცხოელი დიპლომატების ინიციატივით დასხდნენ, თუმცა შეხვედრების ოთხი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

დაპირისპირება კი, მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....