ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს მეგობრებს, რომ საქართველო თავის კურსს, რომ გააძლიეროს დემოკრატია, არასოდეს ზურგს არ შეაქცევს” – თალაკვაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, შეხვედრა შეეხება ყველა იმ პოლიტიკურ  საკითხს, რის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს.

„ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. მათ გავაცნობთ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ. ცალსახად ფაქტია, რომ კონგრესმენებს ჩვენგან სჭირდებათ პასუხები, მეტი ინფორმაცია და ჩვენ ამ პასუხებით ვართ აქ ჩამოსული. ჩვენი მიზანი არის, რომ დროულად დავხუროთ ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დისკუსიის საგნად პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში და დროულად დავიწყოთ არჩევნებისთვის მომზადება. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და აუცილებლად შევასრულებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ, მიუხედავად იმისა, თუ რა შეთანხმება შედგება არჩევნების მოდელთან დაკავშირებით ჩვენსა და ოპოზიციას შორის.

როგორც გითხარით, ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ კონგრესის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, თუ რა გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას. ერთი რამ ცხადია, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს თავისი საარჩევნო კომპანია ჩაატაროს ვაშინგტონში, მაშინ, როდესაც საზოგადოების და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს საქართველოში. ეს ფაქტია. იკვეთება, რომ ისინი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე ცდილობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიიღონ ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არასოდეს არ აკეთებს და არ ერევა სარჩევნო საკითხებში. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება და საქართველო თავის კურსს, რომ გააძლიეროს დემოკრატია, არასოდეს ზურგს არ შეაქცევს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....