იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.
ამის შესახებ წულუკიანმა ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო სისტემის შეცვლა არ უნდა ხდებოდეს.
„არსად არ წერია ის, რომ მათ მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია ქართულ კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია, მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წევრს, რომ ე.წ. ქოფიფეისთით ეს ფრაზა ამოიღოს და წინ დაგვიდოს. ამგვარი არ არსებობს. კონსტიტუციურობის შესამოწმებლად არ უნდა გაგზავნილიყო ეს კანონპროექტი, რადგან ოდირი თავად ეუბნება, არ ვარ ის, ვინც ამას შეამოწმებს.
არსად ოდირი არ ამბობს, რომ მათი პროექტი კანონს შეესაბამება და ოდირი მათდა სამწუხაროდ, ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა“,- განაცხადა წულუკიანმა.
ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. დასკვნაში წერია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს.