“გაურკვეველია ეუთო/ოდირს ოპოზიციამ რომელი მოდელი გადაუგზავნა”, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, არც გერმანული და არც ავღანური მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.
“არ არის გარკვეული საერთოდ რა მოდელი გააგზავნეს და რაზე მიიღეს პასუხი. იმიტომ რომ ე.წ. მრავალმანდატიანი, რეგიონალური ეს არის ავღანური მოდელი, რომელიც არანაირად არცერთ პარამეტრში არ ჯდება. თუ გერმანული მოდელი გააგზავნეს, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც გვაქვს,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. დასკვნაში წერია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს.