ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

“სწორად იყავით შერჩეული ამ პოსტზე ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად?” – კვაჭანტირაძე ტიკარაძეს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კითხვით მიმართა, ფიქრობს თუ არა, რომ სწორად არის შერჩეული ამ პოსტზე ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად?!

კვაჭანტირაძის შეფასებით, ეკა ტიკარაძის მოხსენება მონოტონური იყო.

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია დღევანდელ ფორმატშიც მოვახდინოთ ჩვენი აზრების უფრო ნათლად დაფიქსირება ცალ-ცალკე, თუ ფრაქციის სახელით, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენი გამოსვლა არ იყო კრიტიკული, საკმაოდ მონოტონური გამოსვლა იყო, რომელმაც საშუალება არ მოგვცა მთლიანად დაგვენახა დღეს არსებული სიტუაცია იმ სფეროებში, იმ გიგანტურ სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელობაც თქვენ ჩაიბარეთ. დამეთანხმებით, რომ ეს არის სუპერ სამინისტრო, რომელიც განკარგავს ყველაზე დიდ ბიუჯეტს. პირველი შეკითხვა, რაც მაქვს შემდეგში მდგომარეობს: მაინტერესებს, ამ თვეების განმავლობაში, რაც თქვენ უკვე მინისტრი ბრძანდებით, ფიქრობთ თუ არა, რომ სწორად იყავით შერჩეული ამ პოსტზე ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად?! მაინტერესებს თქვენი პასუხი ამ შეკთხვაზე.

რაც შეეხება მეორე კითხვას: თქვენი გამინისტრების დღიდან, შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან უხეში ქირურგიული ჩარევით თქვენი 520-ე დადგენილებით ყველაფრის ჩეხვა დაიწყეთ. ძალიან მეშინია და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება იმ სურათის საფუძველზე, რაც დღეს გვაქვს უპირველესად სამედიცინო სფეროში, რომ მთლიანად არ შემოგვენგრეს ის, რასაც მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში. მე მესმის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ჯანდაცვის სფეროში და ეს ჰიპერდიაგნოსტიკა მარტო საქართველოში არ არის პრობლემა, მთელს მსოფლიოშია პრობლემა, მაგრამ თქვენი რეფორმა 520-ჯერ არტყამს დანას მძიმე პაციენტებს“, – მიმართა ზვიად კვაჭანტირაძემ ჯანდაცვის მინისტრს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

იტვირთბა....