პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.
მინისტრმა ბავშვისა და მშობლის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვთა დაწესებულებებში დღეს არსებული გარემოს, სერვისების, პერსონალის კვალიფიკაციის საფუძვლიანი შესწავლა იწყება. მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოვლენილი იქნება ყველა დარღვევა თუ გადაცდომა ბავშვზე ზრუნვისა და მომსახურების პროცესში, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნისთვის. გრძელდება დიდი ზომის ბავშვთა სახლების გარდაქმნის პროცესი, რომლის ფარგლებში შეიქმნება ალტერნატიული ზრუნვის სერვისი მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატებში და ამავდროულად, დაიწყება ექვსი ახალი სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია თბილისის შშმ ბავშვთა სახლის სრული გარდაქმნა და მცირე საოჯახო ტიპის სამი სახლის აშენება, რაც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მოხდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.