ახალი ამბები მერია მთავარი

წმინდა ბარბარეს უბანში 10 440 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება

სამგორის რაიონში მდებარე წმინდა ბარბარეს უბანში 10 440 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით, 600 ათას ლარს შეადგენს.

„სამგორის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელიც წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 600 ათას ლარს შეადგენს. ჯამში, 10 440 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მთლიანად მოწესრიგდება. ასევე, მოეწყობა გრუნტის დამჭერი ორი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე. პროექტის შედეგად, იქ არსებული მდგომარეობა მთლიანად გამოსწორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებული ის ფოტოც წარმოადგინა, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ ფრაგმენტულად შესრულებული საგზაო სამუშაო იყო ასახული.

„ვფიქრობ, ყველას გეცნობათ ეს ფოტო, რომელიც ძალიან პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს ოპონენტებში. აქ სამუშაოები კომპანია GWP-მ აწარმოა. ტერიტორიაზე ფრაგმენტული დაზიანება იყო. სამუშაოების განხორციელების შემდეგ, მოქალაქეების ჯგუფმა გზის დახაზვის სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, თუ როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა, სამგორის რაიონის გამგეობა და როგორ დახაზვებს აკეთებს. ხედავთ, რა დონეზე არიან დასული და სად არიან. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენ პროექტი მზად გვქონდა და ველოდებოდით მხოლოდ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რათა სამუშაოები დაგვეწყო. ასეთ ხუმრობას ზოგიერთმა ტელეკომპანიამ სიუჟეტებიც კი მიუძღვნა. სად არიან ხომ ხვდებით. თითქოს, ამაზე მეტი პრობლემა არ გვქონდეს თბილისში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური მოწყობა დაიწყო. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 582 945 ლარია.

გასულ წელს სამგორის რაიონის გამგეობამ წმინდა ბარბარეს უბანში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა და ყველა ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოაწყო. ამჯერად, უბანში ყველა ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება.

იტვირთბა....