საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში მის ვიზიტთან და ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გაავრცელა.
როგორც ზალკალიანი აცხადებს, აშშ-ში სახელმწიფო მდივნის მიწვევით იმყოფება და მისი თქმით, მიშვნელოვანია რომ მინისტრების იმ შეზღუდულ რაოდენობაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მიიწვია, საქართველოც მონაწილეობს.
„აქ ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის მოწვევით, ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მიშვნელოვანია რომ მინისტრების იმ შეზღუდულ რაოდენობაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მოიწვია, საქართველოც მონაწილეობს. ბუნებრივია ეს არის აღიარება იმისა, რომ ამ მიმართულებით საქართველში ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და იმ პრინციპებს რომელიც მთავარია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
ეს ორდღიანი ვიზიტი ვფიქრობ, იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორს, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს მივაწოდო ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია , როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, სენატორები და კონგრესმენები საქართველოს განიხილავენ როგორც ლიდერ ქვეყანას, რომელსაც რეგიონში დაწესებული აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები დემოკრატიის, სწორედ ამ მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე არის მათი მომართვა ჩვენთან დაკავშირებით დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც მეგობრის, სტრატეგიული პარტნიორის რჩევას და ამაზე გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, ინფორმაციების ობიექტურობასა თუ სუბიექტურობაზეც ვიმსჯელებთ, მე მათთან მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი და მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას რეალური სურათის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციით და იმ ქმედებებით რასაც ხელისუფლება აქამდე ახორციელებდა, ახლაც ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს, ჩვენი სტრატეგეიული პარტნიორობა აშშ-სთან თვისობრივად ახალ დონეზე გადავა და გაძლიერდება, არათუ რაიმე ჩრდილი მიადგება მას“,- განაცხადა ზალკალიანმა.