ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“ – პატრიარქი აშშ-ის ელჩს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო.

ილია მეორემ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

,,პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“ – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

“აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ აშშ-ში და ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ელჩს ასევე მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი 21-ე საუკუნე”-ს გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქ-ნ კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

იტვირთბა....