ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ხვალ, ლუგარის ცენტრს კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულო ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი, რეაგენტი ექნება. აღნიშნულ საკითხზე პარტნიორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა

“ჩინეთში სერიოზული ეპიდსიტუაციაა. დღევანდელი დილის მონაცემებით, რომლითაც ჩვენ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვთანამშრომლობთ, გახლავთ 17 205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში, აქედან სამწუხაროდ, არის 361 გარდაცვალების შემთხვევა. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 475 ადამიანი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის.

“ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკვირვების ქვეშ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სამივეს კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება, სამივე არის საქართველოს მოქალაქე, სამივეს აქვს ისტორია ჩინეთში სხვადასხვა პერიოდში ყოფნის. ამავე დროს, ხვალიდან გვექნება 99.99 პროცენტის ალბათობით, ლუგარის ცენტრში ლაბორატორიული საშუალება, პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გამთენიისას გვექნება ალბათ ყველა რეაგენტი დამატებით, რაც საჭიროა შექმნილ სიტუაციაში, რაც დღეს ჩინეთში ცირკულირებს. აღარ იქნება აუცილებლობა, რეფერალურ ცენტრებში სინჯების გადაგზავნის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მოქალაქეებს, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდა და მშობლებს ურჩია, თუ ბავშვებს ტემპერატურა ექნებათ, სკოლაში არ გაუშვან.

იტვირთბა....