«სიძულვილისთვის მიძღვნილი ყოველი საათი, სიყვარულისთვის წართმეული მარადისობაა.» – კარლ ლუდვიგ ბერნე
დავიწყოთ ცოტაოდენი ზოგადი თეორიით. სიძულვილის ერთდროულად სამშობლოთი და მისივე მშობლით, შიშით დავიწყოთ.
მიუხედავად იმისა, რომ შიში თითქოს ერთი ზოგადი მოვლენაა და გულისხმობს მხოლოდ იმას, რასაც გულისხმობს, მისი მრავალნაირი გამოხატულება არსებობს… უფრო სწორად მრავალნაირი არსებობს მისი თარგი, ყალიბი, რაც გინდათ ის დაარქვით, რომელშიც შიშს სხვადასხვა ფორმა ეძლევა, თორემ შიში მართლაც ზოგადი ცნებაა და გულისხმობს მართლაც მხოლოდ იმას, რასაც ამბობს.
ჩვენთვის ცნობილ ბუნებაში არსებობს შიში, რომელიც ამოძრავებს და არსებობს შიში, რომელიც აქვავებს… ოღონდ მას ეს თვისებები თავისში, თავის პირვანდელობაში რა თქმა უნდა არ გააჩნია!.. ამ თვისებებს მას კონკრეტული გონების გამოცდილება… ან კონკრეტული გამოცდილების გონება სძენს… შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება ეს ის შემთხვევაა. ინდივიდი სძენს შიშს მის ამ ორად ორ თვისებას: მამოძრავებელ-ბიძგისმიმცემს და დამამუხრუჭებელ-უკანდამხევს.
სიძულვილი შიშის ის თარგია, რომელშიც ის (შიში) ინდივიდს, ისევე როგორც ინდივიდთა ჯგუფს, ამუხრუჭებს… სიძულვილს შიში უძრავი დუღილის რეჟიმში გადაჰყავს და მისი (შიშის) პოტენციური მარგი ქმედების კოეფიციენტიც ნულამდე დაჰყავს.
ყველაფერი ზემოთ თქმული კი ერთ მოკლე წინადადებაში რომ ჩავატიოთ, მივიღებთ შემდეგს: სიძულვილი შიშის ერთ-ერთი ყველაზე (შეიძლება ყველაზეც) უარყოფითი მხარეა!
რა ხდება დღეს? დღესაც, ისევე როგორც აქამდე მსგავს მდგომარეობებში, ხდება ის, რაც ზემოთ აღვწერე… ხდება შიში… შიში, რომელიც ჩვენს ისედაც უნიჭოდ შენიღბულ სახეზე სამწუხაროდ ხშირად იმ დამატებით მოღრეცილობას ააშკარავებს, რომელსაც ჩვეულებრივ ცხრაკლიტულებს მიღმა ვმალავთ და გასაღებსაც თითქოს შორს და სამუდამოდ მოვისვრით ხოლმე… თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე შორს – შიშის ჯიბეში. ხშირ შემთხვევაში და სამწუხაროდ ზუსტად იმ შიშის ჯიბეში, რომელსაც სიძულვილი კვებავს და რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, უძრაობის წინაპირობაა.
განსხვავებით ფანტასმაგორიული არსებებისგან, რომელთაც მხატვრულ ფილმებში ვაწყდებით ხოლმე, ადამიანს სიძულვილი სიძულვილისთვის არ ახასიათებს… ყოველ შემთხვევაში მის დღევანდელ მდგომარეობაში ეს არ შეინიშნება; სამაგიეროდ ახასიათებს ერთი მეტად ნიშანდობლივი რამ, კერძოდ: ექსტრემალურ და არაორდინალურ სიტუაციებში სიძულვილისთვის მიზეზის დაუზარებლად ძებნა.
ადამიანები, რომლებიც განსაცდელის, ხორცშესხმული შიშის პირისპირ აღმოჩნდნენ, თურმე ღირსნი არიან იმ ყველაფრის, რაც თავს დაატყდათ…(?) ღირსნი არიან იმიტომ, რომ თურმე ნუ იტყვით და ღამურას ჭამენ!.. და ამას ამ ხალხს იცით ნიშნად ვინ უგებს?! – ბაყაყიჭამია ფრანგი, კატაჭამია შვეიცარელი, კალიაჭამია მექსიკელი… ძროხა და ღორიჭამია ქართველიც!.. დიახ, ის რომ ღორი ნაკლებად ექსტრავაგანტულად ჟღერს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე ისიც ვიღაცამ პირველად არ გასინჯა. შენთვის თუ ჩინელის მიერ ღამურის ტაფაზე შეგდებაა ერთგვარი სიბინძურე და სიველურე, არანაკლებ სიბინძურე და სიველურეა ამ პლანეტაზე მცხოვრები მილიარდი მუსულმანისთვის და იუდეველისთვის ღორის ქონით მუცლის ამოყორვა. არანაკლებ გაუგებარია მილიარდი ინდუსისთვის ძროხის გატყავება.
გვახსოვს ფრინველის გრიპიც შეგვეყარა რამოდენიმე წლის წინ, თუმცა სიძულვილში მაშინ ვერავინ ამოვავლეთ… გაგვიმართლა, ქათამს მთელი მსოფლიო მიირთმევს. აბა ყოფილიყო ქათამი ნიგერიული სამზარეულოს ექსკლუზივი… ხო გვეყოლებოდა ათასობით საძულველი ქათმიჭამია ნიგერიელი?!
ასე რომ, ამ ხალხს დღეს თანადგომა სჭირდება, მისი ნებისმიერი გამოხატულებით, და არა განდგომა! მენინგიტისგან კვდებოდე და მეზობელი გაძახებდეს – “შენი ბრალია, ქუდი რატომ არ გეხურაო?!” როგორც მინიმუმ სიბრიყვეა და მაქსიმუმ სიავე.
ნუ მივცემთ შიშს იმის საშუალებას, რომ გაგვაქვავოს… გადავისროლოთ ჩვენი ცნობიერების იმ კალაპოტში, სადაც ის გამოსავლის ძებნას იწყებს, იწყებს მოძრაობას და წინ მიიწევს.
P. S. ვიღაცა ღამურას ჭამს, ვიღაცა ბაყაყს, ლოკოკინას, შოკოლადმოსხმულ ტარაკანასაც ჭამს ვიღაცა… ვიღაცა კი არადა თუ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ქართველები ქართველებს ძეხვში ცხენის ხორცს გვაპარებდნენ.
ადამიანი, განსხვავებით ძალიან ბევრი ცხოველისგან, ყველაფრიჭამიაა. სხვადასხვა კულტურები სხვადასხვა ტრადიციებს ეყრდნობა და ამის და მიხედვით სამზარეულოებიც ყველას სხვადასხვანაირი აქვს… შესაბამისად მაცივრებსაც სხვადასხვა არსებების ლეშებით ტენის, წვავს, ხარშავს, შუშავს და შემდეგ სანსლავს.
მოვა დრო, და ოდესღაც აუცილებლად მოვა, როცა ღამურის ჭამა-არჭამა ადამიანებისთვის არა სიძულვილის კატალიზატორი, არამედ სირცხვილის საგანი გახდება… მოვა დრო, როცა იმ ყველაფრის მუცელში მოსროლა, რაც დაბადებისთანავე დედას ეკვრის და რასაც თვალების ფახული შეუძლია საძულველის ნაცვლად სასირცხვილო იქნება… სწორედ სირცხვილი იქნება პურის ის ნამცეცები, რომლებსაც ადამიანში(!) დღეს მავალი სიძულვილი გზადაგზა თავისდაუნებურად ტოვებს და უკან, ადამიანურობაში(!) დასაბრუნებელ გზას გვინიშნავს.
ვასო შონია