ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ დავეხმარებით საქართველოს რომ გაუმკლავდეს რუსეთის მცდელობას, ჩაშალოს საქართველოში მიღწეული პროგრესი” – დეგნანი

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრა გაიმართა, მანამდე კი ელჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზალკანიანის განცხადებით, ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ამერიკა- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას.

„მივესალმები აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის ჩამობრძანებას საქართველოში, ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და მნიშვნელოვანია, რომ ის არის უაღრესად გამოცდილი დიპლომატი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას.

ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი შეხვედრა. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას, ამერიკა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ამ ტერიტორიებთან მიმართებით და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აშშ-ს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ, რადგანაც დღემდე არსებული მიღწევები, ის ინიციატივები კონგრესის მხრიდან, ადმინისტრაციის მყარი მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო – აშშ-ს თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“,-აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მიდის მუშაობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და ვიწყებ მუშაობას მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ძალიან დატვირთული დღის წესრიგით. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ასევე ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა და ვაპირებ, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით კიდევ მეტად გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები“,-განაცხადა ამერიკის ელჩმა.

იტვირთბა....