ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქალბატონთან დაკავშირებით “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, 4 ჩინელიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა ფილტვების ანთება, რაც მართალია იმის 100 პროცენტიან გარანტიას არ იძლევა, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს აღნიშნულის ალბათობას, ვინაიდან, ექიმის თქმით, პნევმონია ამ ინფექციის მთავარი ნიშანია.

„ნამდვილად არის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ჩამოვიდა უხანიდან, მეორე არის ახალგაზრდა, 24 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე ჩამოვიდა ჩინეთიდან, მაგრამ არა უხანიდან. ჩვენთან ამჟამად იმყოფება ახალგაზრდა ქალბატონი უხანიდან, ახალგაზრდა ვაჟი ჩინეთიდან და ორი ჩინელი ბავშვი – ტყუპი დები. მათ ჩაუტარდათ ყველა ის გამოკვლევა, რაც სტანდარტით გათვალისწინებულია შემჭიდროებულ, უმოკლეს ვადაში და გვაქვს ასეთი შედგები – რენდგენოლოგიური გამოკვლევით, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის 100 პროცენტიანი გარანტია, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ამცირებს ალბათობას, რადგან პნევმონია არის მთავარი ნიშანი ამ ინფექციის. ჩატარებული ვირუსოლოგიური გამოკვლევით, ორ მათგანს, ბავშვებს აღმოაჩნდათ „ა“ ტიპის გრიპი. დიდი ალბათობით, მათ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ აქვთ, თუმცა ჯერ რჩებიან სტაციონარში, დაკვირვების ქვეშ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოეს დღეებში. რაც შეეხება იმ ქალბატონს, რომელიც უხანიდან, უშუალოდ ამ ინფექციის კერიდან ჩამოვიდა, მას რენდგენოლოგიურად პნევმონია არ აქვს, ვირუსული გამოკვლევების შედეგები კი, ვინაიდან ის გვიან საღამოს მოვიდა, ჯერ არ ვიცით, ის 12-24 საათის შემდეგ, ანუ ხვალ გვეცოდინება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....