ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპატრიარქოში არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საეკლესიო სასამართლო შეიქმნას.
მისი თქმით, ტრაგიკულია, რომ პატრიარქს სიმართლის მოსმენა არ სურს.
“პარიარქმა უნდა მოისმინოს მხილება. ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც მას არ უნდა სიმართლის მოსმენა, მამა ანდრია სარიას თუ სხვა სასულიერო პირებს, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს ამ უკანონობის და უზნეობის წინააღმდეგ, რომელიც არის გამეფებული დღეს დედა ეკლესიაში, მხოლოდ სადამსჯელო პოლიტიკის გატარება მოხდა, რომელიც არის საბჭოთა დამოკიდებულება, რეჟიმის, რომელსაც სძაგდა სიმართლე.
საპატრიარქო ისევე უფრთხის და ეშინია სიმართლის და სიმართლის მთქმელი ადამიანების, როგორც ბოროტს ეშინის ჯვრისა.
საეკლესიო სასამართლო არის ერთ-ერთი გამოსავალი, სადაც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას და დავიწყოთ ჩემით. პატრიარქს მივმართე სიტყვებით, რომ დავიწყოთ მხილებით და ჩემგან დავიწყოთ, ნუ მომერიდებით, ნურც ნურავის მოერიდებით პატივის გამო, მაგრამ ნურც ნურავის დაჩაგრავთ პატივის არქონის გამო. მაგრამ პატრიარქი დადუმდა, ის არ აღმოჩნდა მზად ჯერ კიდევ წლების წინ მხილებისთვის და ის არ აღმოჩნდა დღესაც მხილებისთვის, რომ შეხვედროდა მამა ანდრიას და მოესმინა მისი დაგროვებული გულისტკივილი ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ. სინოდის წევრები, ისევე როგორც პატრიარქი არ უნდა დადგნენ კანონზე მაღლა”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.