ახალი ამბები მერია მთავარი

კალაძემ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ახლადრეაბილიტირებული სერვისცენტრი დაათვალიერა

თბილისის მერმა გლდანში, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ახლადრეაბილიტირებული სერვისცენტრი დაათვალიერა, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის შენობაშია განთავსებული.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ, მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდების მიზნით, თავდაპირველად სტრუქტურული რეფორმა განახორციელა, ხოლო ამის შემდეგ სერვისცენტრების რეაბილიტაცია.

„ჩვენი სერვისებით დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი სარგებლობს. დედაქალაქის მერიაში, ყოველდღიურად სხვადასხვა სერვისების მისაღებად დაახლოებით, 2000 – 3000 ადამიანი მოდის. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ რეფორმის განხორციელება. ყველა რაიონულ გამგეობაში შევქმენით მუნიციპალური სერვისების ცენტრები, სადაც მოქალაქე ღებულობს საჭირო მომსახურებას და აღარ მისამართდება ერთი რაიონიდან მეორეში. აღნიშნული პროექტი რვა გამგეობაში განვახორციელეთ. გამონაკლისია ორი გამგეობა: საბურთალო, სადაც გამგეობის შენობის ფართი არ იძლეოდა ამის საშუალებას, თუმცა მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის ძიება და ძალიან მალე საბურთალოსაც ექნება ანალოგიური სერვისცენტრი. ასევე, კრწანისი, სადაც მიმდინარეობს გამგეობის შენობის მშენებლობა და როგორც კი დასრულდება სამუშაოები, ანალოგიური პროექტი იქაც განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სერვისცენტრებში შექმნილია მოქალაქეზე ორიენტირებული გარემო, რომელიც, ასევე, ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე, მოხსნილია ხელოვნური ბარიერები, მოწყობილია ტაქტილური ბილიკები და შესაბამისი დაფა ბრაილის შრიფტით. რაიონულ სერვისცენტრებში მომსახურების მიღება შესაძლებელია 9:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო მერიაში არსებული სერვისცენტრი მუშაობს 9:00-დან 20:00 საათამდე.
რაც შეეხება სტრუქტურული რეფორმის განხორციელებას, შედეგად: სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გაბნეული მომსახურების მიმართულებები გაერთიანდნენ ერთი ქუდის ქვეშ და პასუხისმგებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო; ქალაქის მასშტაბით განისაზღვრა 11 სერვისცენტრი მერიის შენობასა და რაიონულ გამგეობებში; მოიხსნა განცხადებების ჩაბარებისას არსებული ტერიტორიული და შინაარსობრივი შეზღუდვები; დაწესდა მომსახურების ხარისხის ერთიანი სტანდარტი და ამუშავდა მომსახურების ხარისხის კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები.

რეაბილიტირებული სერვისცენტრი თბილისის მერთან ერთად მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭედიშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა – შალვა ოგბაიძე და გულია გოცირიძე დაათვალიერეს.

იტვირთბა....