დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში შემოსულ ორ ჩინელ მოგზაურზე დაკვირვება ხორციელდება.
მისი თქმით, აღნიშნული პირები ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან არიან. ისინი ამ ეტაპზე ბათუმში იმყოფებიან.
„მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ისინი არიან ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან, არა იმ პროვინციიდან, რომელშიც გავრცელებულია, თუმცა მასთან ახლომდებარე. ამიტომ მიმდინარეობს დაკვირვება. გუშინ ისინი ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს. დღეს დილას ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, რისი საშუალებაც გვაქვს და ასევე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ეს პირები საქართველოში მოგზაურობის მიზნით იმყოფებიან.
ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, როდის შემოვიდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 5,974-მდე გაიზარდა.