ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თუ პარლამენტში შოთაძის კანდიდატურას წარადგენენ, მას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება” – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობის მხრიდან მას მხარდაჭერა ექნება.

მისივე თქმით, ირაკლი შოთაძე პროკურატურის ერთ-ერთი წარმატებული ხელმძღვანელი იყო.

„მოგეხსენებათ კანდიდატურის შერჩევაზე პასუხისმგებელია საბჭო, ეს პროცესი გაწერილია კანონით, ჩატარდა კონკურსი და ჩვენ პარლამენტში ველოდებით კონკურსის შედეგად კანდიდატურის წარმოდგენას, რომელსაც შემდეგ განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი.

თუ ეს კანდიდატი იქნება ბატონი ირაკლი შოთაძე, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ შეფასება, ეს არის ადამიანი, ვისი მთავარი პროკურორობის დროს, პროკურატურამ არაერთი საქმე გამოიძია ეფექტურად, სწრაფად, დროულად, იყო ეს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულები, ორგანიზებული დანაშაული, ასევე საქმეები, როცა სახელმწიფოს სისტემურ დანაშაულს ეხებოდა საქმე. ვფიქრობ, ის იყო ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ხელმძღვანელი ამ უწყების და შემდეგაც, როცა ერთ-ერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, დაზარალებულების მშობლებს და საზოგადოებას ჰქონდათ კითხვები მასთან დაკავშირებით, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, დატოვა თანამდებობა და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარი არის მორალური ღირებულებები და არა თანამდებობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ თუ მისი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, უმრავლესობის მხრიდან მას ექნება მხარდაჭერა,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარადგინეს.

იტვირთბა....