ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, ყოფილ სპეცრაზმელს, ზურაბ ფოფხაძესა და მოქალაქეს ვახტანგ ბურძენიძეს, ბრალი დაუმძიმდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” გარდაცვლილ მურად წურწუმიას ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, დაკავებულების ბრალს, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჯგუფურად სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით დაემატა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის შედეგები ცნობილი გახდება, გამორიცხული არ არის ბრალდებულებს ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდეთ.
„ერთი გარემოება იყო შეფასების გარეშე დარჩენილი, რასთან დაკავშირებითაც, ადვოკატებს პრეტენზია გვქონდა. მურად წურწუმია შემთხვევის ადგილიდან საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, ის მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ სახლში, სადაც ორი ბრალდებული იმყოფებოდა. ცნობილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დილით ზურაბ ფოფხაძემ ბინა დატოვა და სამსახურში წავიდა. მეორე ბრალდებულმა როცა შეატყო მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი შედეგი იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დაურეკა. სწორედ ეს გარემოება იყო შეფასების გარეშე დარჩენილი.
დადგენილი იყო სისხლის სამართლის 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა, ამ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამებოდა მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ვინაიდან ამ ყველაფერს თავისი გარემოებები ჰქონდა. მსჯელობის შედეგად მოხდა მუხლის კიდევ დამძიმება – თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის და არც ისაა გამორიცხული, რომ კვალიფიკაციის საკითხში კიდევ მივიღოთ გარკვეული ცვლილება“, – განაცადა ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოსთან ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად, ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი.