ახალი ამბები მთავარი სამართალი

მურად წურწუმიას საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

24 წლის მურად წურწუმიას საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები ექიმზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მურად წურწუმია სამედიცინო დაწესებულებაში დროულად რომ შეეყვანათ, გადარჩებოდა, ამის მაგივრად კი, როგორც გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, წურწუმია “გარეთ ეგდო და თავი ჰქონდა გაყინული”.

“თავის გამართლების ამბავია, მაგრამ ამას გასამართლებელი რა აქვს. გაყინული იყო ტვინიო, უჟანგბადობამ მოკლა ბავშვი. გვითხრა ექიმმა – ტვინის ამოტუმბვა შეიძლებოდა, მაგრამ გაყინული აქვს ტვინიო… ასეთი დასკვნა გამოიტანა თვითონ ექიმმა, რომ ბავშვი გადარჩებოდა, რომ ყოფილიყო დროულად მოყვანილიო”, – უთხრა “მთავარ არხს” გარდაცვლილის დედამ, ელისო წურწუმიამ.

“ექიმის დასკვნა არის, რომ გარეთ ეგდო ბავშვი, გარეთ იყო ნაპოვნი, გაყინული აქვს თავი. თვითონ ექიმმა მითხრა, რომ ჩათვალეთ, მკვდარი ბავშვი მოიყვანეთო”, – აცხადებს გარდაცვლილის მამიდა ირინა წურწუმია.

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს დაკავებული ვახტანგ ბურძენიძის  ადვოკატი გიორგი გოგინავა.

გოგინავას თქმით, მურად წურწუმია არა ქუჩაში, არამედ ერთ-ერთი დაკავებულის ვახტანგ ბურძენიძის საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში ჰყავდათ და სპეცრაზმელმა და ბურძენაძემ სასწრაფო მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ახალგაზრდის მდგომარეობა დამძიმდა.

“დაუმალა, არ მიაწოდა სასწრაფოს სწორი ინფორმაცია და შეიძლება ამიტომ იყო საკითხის იმგვარად ფორმულირება, რომ თითქოს ეს ადამიანი ქუჩაში მიატოვეს და ასე შემდეგ… რეალურად გარდაცვლილი პიროვნება იმყოფებოდა ვახტანგ ბურძენიძის ოჯახში”, – აცხადებს ადვოკატი გიორგი გოგინავა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება წურწუმიასთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (ჯგუფურად) მიყენება, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ბურძენიძისთვის წარდგენილი ბრალდება 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე ბრალდებებით დაპატიმრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი ზურაბ ფოფხაძე, რომელიც სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა.

გამოძიების ცნობით, 2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოსთან ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად, ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი.

იტვირთბა....