ახალი ამბები ბლოგები მთავარი სამართალი

“იცი მე ვინა ვარ?!” – წინ, წარსულისკენ (ბლოგი)

23.01.2020. საქართველო; თბილისი.

საპატრულო პოლიცია ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აკავებს სამართალდამრღვევს, რომლის პიროვნების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღებაც საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებსაც უწევთ.
თავად დაკავებული აცხადებს, რომ ის “ყაჩაღი და პლანეტის დედისმ***ნელია” და რომ მის დამკავებელს თანამდებობის დაკარგვასთან ერთად ფორმასაც გახდის… რაოდენ პარანოიდულადაც არ უნდა გაჟღერებულიყო ასეთი პიროვნებისგან მსგავსი მუქარა, ის მის ასრულებას ეტაპობრივად მართლაც შეუდგა…
ფანტასტიკა? – არა!.. – თბილისი; საქართველო; 23.01.2020.

წინა საუკუნის 90-იანები ვისაც ახსოვს, ემახსოვრება ისიც, რომ კანონი იმხანად რაღაცა მოყანყალე აბსტრაქტული ცნება უფრო იყო, ვიდრე სახელმწიფოს მყარი ფუნდამენტი. კანონდამრღვევიც იყო მაშინ და კანონდამრღვევიც… ვიღაცისთვის თუ კანონს ერთი ფორმა ჰქონდა, ვიღაცისთვის ჰქონდა მეორე, ვიღაცისთვის მესამე, ვიღაცისთვის კანონი სულაც უფორმო, ერთგვარი პლაზმური სხეული იყო… მოკლედ ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული თუ რას წარმოადგენდა, რა მასალისგან იყო ჩამოსხმული ჭურჭელი, რომელშიც კანონის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი.
წინა საუკუნის 90-იანი წლები ამ მხრივ საქართველოს ისტორიის ის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი პერიოდია, როცა დიდი და პატარა, სრულიად სახელმწიფო (რომელიც იმ პერიოდში ასეთად შედგომას ეპოტინება) დაბნეულთან ერთად მშიერიც არის და ცხოველურ ინსტინქტს იმდენად ფართო ასპარეზს უთმობს, რომ საზოგადოებაში ადამიანურობის კოეფიციენტი საგრძნობლად ეცემა. კანონი იმ პერიოდში არათუ არ კანონობს, უკანონობას უთმობს ადგილს, თვითონ კი ფურცელში, იმ ცარიელ სიტყვებში იხიზნება, რომელიც არავის აინტერესებს… არავის აინტერესებს იმათი ჩათვლით, ვინც კანონის შედგენაზე, მის დაცვასა და აღსრულებაზეა მოწოდებულიც და პასუხისმგებელიც.
ის პერიოდი, მართალია მძიმე და დღემდე საგრძნობი ჭრილობებითა და ტკივილებით, მაგრამ თითქოს გადავიტანეთ და სახელმწიფოსაც თითქოს ის იერსახე შევძინეთ, რომელიც მთლად ხვალის თუ არა, ზეგის და მაზეგის იმედად მაინც უნდა გვამყოფებდეს და… და ამ დროს ვიღაცა პოლიციის მანქანაში და პოლიციის მაღალჩინოსნების თანდასწრებით გაჰყვირის იმას, რაც მხოლოდ მის პიროვნებაზე კი არა, ზოგადად ქვეყნის დღევანდელობაზე მოგვითხრობს… პირდაპირ 90-იანებიდან გადმოსროლილი ტიპი მისი დაკავებისთვის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ გარანტებს ბოდიშებს ახდევინებს და ამით მეც, თქვენც და მთლიანად ქვეყანასაც მყისიერად იქ მოგვისვრის, საიდანაც დიდი წვალებითა და ჯახირით თითქოს გამოვხოხდით…
ეს არათუ აღშფოთების და ასე შემდეგ მხრების აჩეჩვისა და შუბლის შეჭმუხვნის, არამედ განგაშის ატეხვის რეალური საბაბია და თუ გვინდა, რომ  საქართველოს მოქალაქეს მომავლის შიში (მისი ბოლო ათწლეულების უცვლელი მეგზურის) აღარ ჰქონდეს, მაშინ ამ ქვეყნის მოქალაქეების ცნობიერებიდან “კანონის გვერდზე ავლის” იმედი უნდა მოვსპოთ რაც შეიძლება სწრაფად!.. “ზემოდან” დახმარების იმედად ყოფნის თეორიული შანსიც კი უნდა გავაქროთ!.. უკანონობის ჩადენის შემდეგ სახელმწიფოს საშველად მოხმობა და გვერდში ამოყენება უკუსვლის ყველაზე უფრო ქმედითი საშუალებაა და თუ გვინდა პროგრესის ნაცვლად რეგრესს არ მოვახტეთ ზურგზე, მაშინ ეს არ უნდა დავუშვათ! არ უნდა დავუშვათ ის, რომ “ყაჩაღისა და პლანეტის დედისმტ***ნელი” რიგითი მოქალაქის, შეთავსებით კი მინისტრის მოადგილის ძმის, კანონიერი დაკავებისგან უკანონოდ გამოსასხსნელად ადგილზე ისინი მირბოდნენ, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებს კანონის სადარაჯოზე მდგომებად წარმოგვიდგენია და ასეთებად აღვიქვამთ.

P. S.  თუმცა იქ, სადაც დედაქალაქის მერი “რვა სული ქურდის” საზოგადოებაში ყოფნისგან აღფრთოვანებას ვერ მალავს, საკრებულოს წევრებს კი კოლეგასთან კამათში არგუმენტად ბანდის მეთოდები მოჰყავთ, კანონზე და კანონიერებაზე ლაპარაკი ჯერ ალბათ ნაადრევია.

ვასო შონია

იტვირთბა....