ე.წ მატროსოვის ციხეში, სახალხო დამცველი ვიზიტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს. მათივე ცნობით, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
“N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტი დასრულდა
დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა.
როგორც ლომჯარია ამბობს, ის კონკრეტულ პატიმრებს შეხვდა და ციხეში მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სისტემამ გაავრცელა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელ კონკრეტულ პატიმრებზეა საუბარი და შეხვდა თუ არა ომბუდსმენი ირაკლი ოქრუაშვილს ან ვანო მერაბიშვილს, ლომჯარიამ, პასუხის გაცემისგან თავი შიკავა და თქვა, რომ სწორედ იმ პატიმრებისგან არ ააქვს თანხმობა, ინფორმაციის გასაჯაროების, ვისაც შეხვდა.