იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის პოსტზე კანდიდატებს დამოუკიდებლად შეარჩევს და ვერავინ უკარნახებს, რა გადაწყვეტილება მიიღოს.
ოხანაშვილის შეფასებით, გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
“პროცესი ვერანაირად ვერ იქნება ფორმალური, ვინაიდან საპროკურორო საბჭოს ვერავინ ვერ უკარნახებს რა გადაწყვეტილება მიიღოს. სწორედ საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი არის უფლებამოსილი ინდივიდუალურად, საკუთარი შეფასებით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს.
მე არავის მხარდამჭერ განცხადებას არ გავაკეთებ დ არც შევაფასებ. პროცესი მაქსიმალურად გახსნილია და პარლამენტის წევრები თვითონ აფასებენ თითოეული ადამიანის განვლილ პროფესიულ ცხოვრებას,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების საქმეების განხილვა დღეს დაიწყო. საბჭოს წევრები 16 კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ. ახალი გენერალური პროკურორის პოსტზე წარსადგენად საპროკურორო საბჭომ 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. წარდგენილი კანდიდატებს შორისაა 2018 წელს გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძეც.