პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აფასებს და დარწმუნებულია, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.
ბაქარძე აღნიშნავს, რომ შოთაძის დაბრუნებით „ქართული ოცნების“ მიზანია, „მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში საზოგადოებას დაუპირისპირდეს.“
„ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ აჩვენონ ძალა და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში დაუპირისპირდნენ საზოგადოებას. სწორედ ამ კუთხით შეიძლება განვიხილოთ შოთაძის პროკურორად დაბრუნება. ესაა „ქართული ოცნების“ სახე, ხელისუფლება საკუთარი შექმნილი პრობლემებისგან კედლებისა და პოლიციელების უკან იმალება და საზოგადოებას იწვევს იმ ადამიანების დაბრუნებით, ვისი გაშვებაც თავის დროზე საზოგადოებრივი პროტესტიდან გამომდინარე მოხდა“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, „საზოგადოებასთან კუნთების თამაში, გამოწვევა და დასავლეთთან დაპირისპირება არ შერჩენია და არ შერჩება არცერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში”.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გენპროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების საქმეების განხილვა დღეს დაიწყო. წარდგენილი 16 კანდიდატიდან 2018 წელს გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძის კანდიდატურაცაა.