ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენთან გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიულად მაინც არის” – გამყრელიძე კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიულად მაინც არსებობს.

მისი თქმით, დაავადება ჩინეთში დაფიქსირდა და ოფიციალური მონაცემებით, 6 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

„დღევანდელი ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით, დაფიქსირებულია, დაახლოებით, 300-მდე შემთხვევა და აქედან 6 იყო ლეტალური. დაავადება აღინიშნა ვუჰანის ნაწილში, სადაც თევზეულით მოვაჭრეთა ნაწილია განთავსებული. დღევანდელი რიცხვით, შემთხვევები ექსპორტირებულია უკვე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. დადგინდა ასევე, რომ ხდება გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე და ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ანალოგი ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების – ხველა, თავის ტკივილი, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ამას გარდა, მიმდინარეობს ხშირად გართულებით, როგორიც ფილტვების ანთებაა. დღევანდელი მაჩვენებლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია, 300-იდან 6-ში იყო ლეტალური…

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ე.წ. ალგორითმით, რომელიც მოიცავს მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებს. ჯერჯერობით ვართ მწვანე ზონაში, ანუ, რისკი მინიმალურია მაგრამ თეორიულად მაინც არის. დაახლოებით ვიცით რამდენი ჩინელი და ჩინეთის მოქალაქე შემოდის საქართველოში, გვყავს მუშახელი, დასაქმებული სხვადასხვა დიდ მშენებლობაზე. ამ და ყველა სხვა საკითხზე შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და გეგმის მონახაზი ხვალ სამინისტროში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

იტვირთბა....