როგორც “პალიტრა” წერს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ნიკო დგებუაძე – იგივე ნიკო გაგრინსკი სტუმრობდა. მას დედა აფხაზი ჰყავს და ბიძამისი ქალაქში ცნობილი ქირურგია. ნიკო რამდენიმე წლის წინაც იყო მშობლიურ ქალაქში მეგობრებთან ერთად, თუმცა ბარცბას კლანის იერიშს სასწაულებრივად გადაურჩა – ორმხრივი სროლისას ისინი მძიმედ დაიჭრნენ და აფხაზეთიდან რეანიმობილებით წაიყვანეს.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ახლა ბარცბას მხოლოდ ჩრდილოკავკასიელი კრიმინალების იმედიღა აქვს, რომელთაც ქართულ კლანთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. აფხაზების თქმით, ბოლო ხანებში ბარცბას დუმილი და უმოქმედობა მიანიშნებს, რომ რეგიონში სადავეებს ქართული კლანი იღებს, რომელთაც აფხაზეთში საყრდენი ყოველთვის ჰყავდათ.
“ბარცბას დიდი შეცდომა იყო მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ეთნიკური ნიშნით დაყოფა. ის ქართველების წინააღმდეგ წავიდა და აფხაზ პოლიტიკოსებს კოჭი გაუგორა, მათ კი კრიმინალს “მწვანე შუქი აუნთეს” და მასთან კონსულტაციის გარეშე მთავარ პროკურორსაც კი არ ნიშნავდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ გალის რაიონის ბიზნესზე. – ბარცბა წყვეტდა, რამდენი უნდა წასულიყო მათ ჯიბეებში და რამდენი – ბიუჯეტში”, – წერენ აფხაზები.
“ქართული კლანის გაძლიერება უკვე თვალში საცემია, ბარცბა კი სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა მან დაცვა გააძლიერა, რაც ნიშნავს, რომ მშვიდად ყოფნის საფუძველი არა აქვს”, – წერენ აფხაზები.
შეგახსენებთ, 2 თვის წინ, სოხუმის ცენტრში ე.წ. კანონიერი ქურდები რესტორანში ჩაცხრილეს, რომელსაც ერთი მიმტანი გოგოს სიცოცხლეც შეეწირა (იხილეთ ვიდეო).