ახალი ამბები მთავარი ციტატა

ჩინეთში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია მძვინვარებს – დაფიქსირდა ინფიცირების კიდევ 17 შემთხვევა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 17 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 62-ია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 2.

ვუჰანის ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, 17 ახალი შემთხვევიდან 12 ინფიცირებული მამაკაცია, ხუთი კი  – ქალი. ინფიცირებულთა ასაკი 30-დან 80 წლამდე მერყეობს.

პაციენტებმა სიმპტომების გამოვლენა 13 იანვრიდან შენიშნეს, რაც ძირითადად მაღალი ტემპერატურითა და ხველით გამოიხატებოდა.ინფიცირებულთაგან  სამი პაციენტის მდგომარეობა რთულია.

ქალაქ ვუჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ახალი ვირუსიც კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (მმრს), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ეპიდემიის გავრცელება მაშინაც ჩინეთიდან დაიწყო.

ეპიდემიის გავრცელების საფრთხის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული გაფრთხილების შემდეგ, აშშ-მა და აზიის უმეტესობა ქვეყნებმა, მათ შორის, ტაილანდმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა და მალაიზიამ ვუჰანიდან ჩასული მგზავრების აეროპორტში შემოწმება დაიწყეს.

ახალი ვირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდებოდა ჩინეთის ადგილობრივ სოციალურ ქსელ „ვეიბოში“.

„როიტერის” ინფორმაციით, მიკრობლოგს მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე ცენზურა აქვს დაწესებული. „როიტერთან“ საუბრისას ორმა პირმა დაადასტურა, რომ პოლიციამ მათ მოსთხოვა, წაეშალათ სოციალურ ქსელში ვირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია.

იტვირთბა....