“რჩება შთაბეჭდილება, რომ ასე ვთქვათ, დიდი ომის წინ, ხელისუფლება რეზერვისტების მობილიზებას ახდენს”, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას.
ხუხაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი აქვს, რადგან სისტემას “პირად ნდობებზე” აწყობს.
ექსპერტის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მანკიერი საკადრო პოლიტიკით სრული სტერილიზაცია განიცადა და სათადარიგო სკამზე აღარავინ რჩება, “მეორე წრეზე წასვლა” კანონზომიერია.
“ეს მეტყველებს მმართველობითი სისტემის სერიოზულ კრიზისზე. კანონზომიერია, რაც ხდება გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ განიცადა სრული სტერილიზაცია თავისი არასწორი, მანკიერი სკადრო პოლიტიკის გამო. ისინი ერთი პერიოდი აცხადებდნენ, რომ აი, ახალგაზრდებს მოიზიდავენ, მაგრამ ეს ვერ გააკეთეს. რატომ ვერ გააკეთეს? კრიტერიუმი ხელისუფლებაში მოხვედრის, არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რის მიხედვითაც, ხელისუფლებაში მოდიან კომპეტენტური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალები, ამასთანავე, სუფთა ბიოგრაფიის და ა.შ. კრიტერიუმი მათი არის პირადი ნდობა. პირად ნდობებზე აწყობილი სისტემები, როგორც წესი, ძალიან იკუმშება და საბოლოო ჯამში, სათადარიგო სკამზე აღარავინ რჩება და მეორე წრეზე მიდიან. აი, ამ პროცესთან გვაქვს საქმე”, – უთხრა მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.
მარიამ იმერლიშვილი