“უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ხელისუფლება დუმს”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ წაღვლი-ჩორჩანას ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ბერულავა ადგილობრივებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წაღვლი-ჩორჩანას ტყის მონაკვეთზე საოკუპაციო ღობეების გავლება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
“უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ჩვენი ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივმა მხარდამჭერებმა მოგვაწოდეს, გრძელდება – მუშაობენ ჩვეულებრივად. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ სამუშაოები, დაახლოებით, ერთი კვირის წინ უნდა განახლებულიყო, თუმცა რომ გავეცანით მასალებს – ფოტოებს, ვიდეოებს – ისეთი მოცულობის სამუშაოებია შესრულებული, რომ პროცესი ზაფხულში იქნება დაწყებული.
სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გასულ წელს დაიწყო და იქ ახალი არაფერი ხდებაო. შარშან არათუ არაფერი დაწყებულა, წაღვლი-ჩორჩანის ტყეში ოკუპანტები არც გამოჩენილან – ტექნიკა მაქვს მხედველობაში, თორე ისე დადიოდნენ.
პროცესი დაიწყო ზაფხულში, დაიწყო აგვისტოში, ჩვენს მიერ საგუშაგოს აღმართვით. ამის შემდეგ გაგრძელდა ოკუპანტების თვითნებური ქმედებები. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ცუდი იყო, პირიქით, ძალიან სწორი იყო ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნა და არავისთან შესათანხმებელი არ არის, მით უმეტეს, რუს ოკუპანტებთან, სად გახსნის ქართული პოლიცია სტაციონარულ საგუშაგოს.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ხელისუფლება დუმს და არანაირი რეაგირება არ აქვს. არ ყოფნის მხოლოდ სამ თვეში ერთხელ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა.
ეს არის საგანგაშო სიგნალი – ჩორჩანის და წაღვლის ტყე არასდროს, თვით საბჭოთა კავშირის დროსაც კი, არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. ეს არის სრულიად ახალი მითვისებული ტერიტორია, რომელიც არანაირ, მათ ლოგიკაშიც კი არ ჯდება. კბილს გვისინჯავენ იმისთვის, რომ პრეტენზია განაცხადონ სხვა ტერიტორიაზეც – გუდაურზეც აქვთ პრეტენზია. მათ რომ დაანებო, გორიც შედის მათი “მიწა-წყლის” ტერიტორიაზე. ცხინვალის ე.წ. პარლამენტში შექმნილია “საქართველოს მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების კომისია”. ამ ყველაფერს ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება აკეთებს, რასაკვირველია, რუსი ოკუპანტების მხარდაჭერით. ამ ყველაფერს კი, ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლება.
ხელისუფლება ან დუმს, ან ლაპარაკობს, მაგრამ იმდენად ხმადაბლა, რომ არავის არ ესმის საერთაშორისო არენაზე ეს ხმა.
2-3 წლის წინ, სრულიად წარმოუდგენელი იყო ადგილობრივებისთვის, რომ გეთქვათ – მოვა დრო, როცა ყობთან გაგივლებენ ღობეებს – სიცილით მოკვდებოდნენ იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა ასეთი რამე მომხდარიყო. ასეთივე ამბავი მოხდება 2-3 წლის შემდეგ, როცა პრეტენზიას განაცხადებენ თრუსოს ხეობაზე. და რა? – რუსი ოკუპანტების მხარდაჭერით ამას ვერ გააკეთბენ? ვინ არის წინაღმდგომი? საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მალავს იმას, რომ უკანონო ბორდერიზაციაა? თუ ის ხელისუფლება, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მესამე თუ მეოთხე დღეს გაავრცელა. მანამდე იცოდა და დამალა. ეს ხელისუფლება არის ხმისამომღები და პროცესის ხელისშემშლელი? სწორედ ამიტომ, ჩვენ ვყვირით, ჩვენ ვმოქმედებთ”, – უთხრა “მეტრონომს” ლაშა ბერულავამ.
შეგახსენებთ, მოძრაობამ “ძალა ერთობაშია”, წაღვლი-ჩორჩანას ტყის მონაკვეთზე სადემარკაციო სამუშაოების განახლების შესახებ, დრონით გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა.
მარიამ იმერლიშვილი