ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ექსკლუზიური კადრები: წაღვლი-ჩორჩანის ტყის მონაკვეთზე საოკუპაციო ღობეებს ამონტაჟებენ

წაღვლი-ჩორჩანის ტყის მონაკვეთზე საოკუპაციო ღობეების დამონტაჟება გრძელდება. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ დაუდასტურა.

მისი განცხადებით, ის, რომ  ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს, ნათლად ჩანს დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებში, რომელიც მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” გუშინ, 13 იანვარს გაავრცელა.

ბერულავა ვარაუდობს, რომ ჩატარებული სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ღონისძიებები, დაახლოებით, ერთი კვირის წინ უნდა განახლებულიყო.

“ჩვენ გუშინ გავავრცელეთ დრონით გადაღებული ვიდეოკადრები მიუხედავად იმისა, რომ ჩორჩანა-წაღვლის მონაკვეთზე ჩვენ სამოქალაქო პატრულირებაზე აღარ გვიშვებენ. ამას ძალიან ირონიულად, ჩვენი უსაფრთხოების მომიზეზებით ხსნიან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენი უსაფრთხოება არაფერ შუაშია, ქვეყნის უსაფრთხოება დგას საშიშროების წინაშე იმიტომ, რომ განახლდა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები. ღობეების გავლება მიმდინარეობს წაღვლი-ჩორჩანის ტყის მონაკვეთზე.

ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ არ შეიძლება, ეს სამუშაოები ერთი დღის განმავლობაში ყოფილიყო გაკეთებული, რადგან საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია შესრულებული. ღობეების დამონტაჟებას სჭირდება რამდენიმე დღე მინიმუმ. ანუ ეს ყველაფერი დაწყებულია, დაახლოებით, ერთი კვირის წინ და ძალიან გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ოკუპანტები წინასწარ აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და შესაბამის სტრუქტურებს, თუ სად აპირებენ სადემარკაციო სამუშაოების დაწყებას. და ალბათ, მათი მოთხოვნა იყო ჩვენი მოცილება, რომ საზოგადოებრივი რეზონანსი არ მოჰყოლოდა და ხელისშეშლა არ მომხდარიყო.

ჩვენ როგორღაც შევძელით ამ კადრების გადაღება დრონით. დრონის აფრენასაც გვიკრძალავენ მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქოა. სურათებზე ნათლად ჩანს მწვანე ღობეები. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ოკუპანტები განაგრძობენ მოქმედებას ჩვენი ხელისუფლების ხელშეწყობის ფონზე.

ღობეების დამონტაჟება დასრულებული არ არის. მათ, სავარაუდოდ, ხელს არაფერი უშლით – ხვალ, ზეგაც იმუშავებენ და თუ რამე შემოაკლდათ, შეიძლება ხელისუფლებას მოსთხოვონ და ხელისუფლებამ “ელიავას ბაზრობიდან” მიურბენინოს, ასეთი პირი უჩანს”, – უთხრა “მეტრონომს” ლაშა ბერულავამ.

 

 

მარიამ იმერლიშვილი

 

 

 

 

იტვირთბა....