ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

“ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020”-ის გამოსავლენად, რომელშიც თბილისიც იღებს მონაწილეობას, ხმის მიცემა დაიწყო

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ხმის მიცემის პროცედურა 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

„რამდენიმე თვის წინ, მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპის საუკეთესო მიმართულებების კონკურსში იღებს მონაწილეობას. ამისთვის საჭირო იყო თბილისის ფოტოები სხვადასხვა უბნიდან, ლოკაციიდან. შევარჩიეთ რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში ჩვენი დედაქალაქის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ. გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა დღეიდან, 15 იანვრიდან დაიწყება და 5 თებერვლამდე გაგრძელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ევროპაში და ზოგადად, მსოფლიოში ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ყოველწლიურად უფრო მეტი ტურისტი გვესტუმროს.

„ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანიa და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაa თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე აისახება. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, იხსნება ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოში, ევროპაში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი მაგარი ქვეყანა ვართ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ წინ, რადგან ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვანახოთ ეს მსოფლიოს, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კონკურსზე ხმის მისაცემად შექმნილია სპეციალური ლინკი: www.vote.ebdest.in. ხმის მიცემა დღეიდან დაიწყო და სრულდება 5 თებერვალს 14:59 საათზე. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შესაძლებელია შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან.

ამასთანავე, კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც #votefortbilisi.

იტვირთბა....