ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს კურსი და პოლიტიკა უცვლელია, ის თავისთავად მოიცავს რუსეთთან დეოკუპაციის ხაზს” – ციხელაშვილი

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას აქვს ორი ძირითადი მიმართულება – დეოკუპაციის და აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგების – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხეში სახწელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„საქართველოს კურსი და პოლიტიკა უცვლელია. ის თავისთავად მოიცავს რუსეთთან დეოკუპაციის ხაზს, ხოლო აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგების ხაზს. ეს ორი ძალიან გამოკვეთილი მიმართულება აქვს და მომავალშიც ექნება სქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. სამშვიდობოს რადგან ვამბობთ, ბუნებრივია, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ეს ყველასთვის ცნობილია. ქართულ მხარეს არაერთხელ აქვს გაცხადებული და აღებულიც ცალმხრივად ვალდებულება, თავად სამინისტროს არსებობა, სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც რომ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჰქვია, ძალიან კარგად მიანიშნებს, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ კონფლიქტის მოგვარება.

ეს იმას ნიშნავს, რომ საუბარია არა მხოლოდ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ნაწილია, არამედ პირველ რიგში ხალხზე, რომელიც დღეს არის გახლეჩილი. ჩვენ გვაქვს მზაობა და ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაბიჯებსაც ვდგამთ კონტაქტებზე, დიალოგზე, თანამშრომლობაზე აფხაზურ საზოგადოებასთან. თუკი იარსებებს და გაფართოვდება ამისთვის სივრცე, ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება იქნას აღქმული. თვითონ აფხაზეთში რუსეთი განაგებს და აკონტროლებს სამხედრო ძალებს, იცით, რომ, საუბედუროდ, იქ ძალიან მძლავრი ბაზებია განლაგებული და ზუსტად ვიცი, არც აფხაზურ და არც ოსურ საზოგადოებას არ ახარებს, რომ ყოველ მეორე-მესამე დღეს რაიმე სამხედრო მანევრი ან სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო წვრთნებია“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ჩორჩანას მომდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება.

აღსანიშნავია, რომ წაღვლი-ჩორჩანას ტყის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დრონით გადაღებული ვიდეოკადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობამ – “ძალა ერთობაშია” გუშინ, 13 იანვარს გაავრცელა.

მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ დღეს “მეტრონომს” განუცხადა, რომ ჩატარებული სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ღონისძიებები, დაახლოებით, ერთი კვირის წინ უნდა განახლებულიყო.

იტვირთბა....