„გატაცებები და საოკუპაციო ზოლის გადმოწევა არის რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგია, რომ ქვეყანა მუდმივ სტრესში ამყოფოს. ეს არის ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის რეაგირებს სირაქლემის მდგომარეობით, არასდროს არ იღებს ხმას და არ ტეხს განგაშს… არავის არ უნდა ამ პრობლემების წამოწევა და რუსეთისათვის დისკომფორტის შექმნა. მანამ, ვიდრე ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, ეს პროცესი იქნება მუდმივად განმეორებადი”
რომან გოცირიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
აღნიშნული განცხადება გოცირიძემ, ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მედიასთან საუბრისას გააკეთა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ჩორჩანას მომდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება.
აღსანიშნავია, რომ წაღვლი-ჩორჩანას ტყის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დრონით გადაღებული ვიდეოკადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობამ – “ძალა ერთობაშია” გუშინ, 13 იანვარს გაავრცელა.
მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ დღეს “მეტრონომს” განუცხადა, რომ ჩატარებული სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ღონისძიებები, დაახლოებით, ერთი კვირის წინ უნდა განახლებულიყო.