ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ირანში, უკრაინის თვითმფინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს

რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ირანში უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთედ პრესის“ ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანის სასამართლო სტრუქტურაში თვითმფრინავის ჩამოგდების გამოსაძიებლად სპეციალური სტრუქტურა შეიქმნება, რომელშიც მოსამართლეები და ათობით ექსპერტი შევლენ.

„ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ამ გამოძიებას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მან თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო.

ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა.

ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.

იტვირთბა....