სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ირანი უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ყველა პასუხისმგებელ პირს დასჯის.
ჰასან როუჰანიმ თვითმფრინავის ჩამოგდებას “უპატიებელი შეცდომა” უწოდა.
„ეს იყო უპატიებელი შეცდომა. მხოლოდ ერთი პირი ვერ იქნება პასუხისმგებელი თვითმფრინავის კატატსროფაზე. ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შეცდომის აღიარება პირველი კარგი ნაბიჯია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ეს აღარ მოხდება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ჰასან როუჰანის განცხადებით, მისი მთავრობა ანგარიშვალდებულია ირანელებისა და სხვა ერების წინაშე, რომელთა წარმომადგენლებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.
შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა.
ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.